პრეზიდენტთან ურთიერთობა

უსუფაშვილი: პრეზიდენტს ნებართვის გარეშე შეუძლია მილოცვა ან დაკრძალვაზე წასვლა

David Usupashvili Official

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, "ახალი კონსტიტუციით პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში მონაწილეობს იმ დოზით და იმ ფორმით, რაზეც მთავრობა იქნება თანახმა, რაშიც მთავრობას დასჭირდება პრეზიდენტის დახმარება". მაესტროს ცხრიანში უსუფაშვილმა ასე უპასუხა კითხვას, ვინ უნდა წასულიყო გაერო-ში. პარლამენტის სპიკერის თქმით, პრეზიდენტი, როგორც სახელმწიფოს მეთაური, არის სახელმწიფოს წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში, მას აქვს სრული უფლება და საშუალება მოგზაურობის, შეხვედრების თავის კოლეგებთან.

"მაგრამ, პრობლემა იმაშია, თუ იმ შეხვედრისას მთავრობისგან არა აქვს თანხმობა, მაგალითად, მოდი ვილაპარაკოთ ბიზნესკონტაქტების გაღრმავებაზე, მოდი გავაფორმოთ ხელშეკრულება უვიზო მიმოსვლაზე და ა.შ. ეს არის საკითხები, რომელიც მთავრობის და პარლამენტის კომპეტენციაშია. ამიტომ, შეიძლება იყოს ორი ტიპის ვიზიტი პრეზიდენტის, მაგალითად, პოლონეთში. ეს არის ის, როდესაც ის ჩადის იქ, როგორც სახელმწიფოს მეთაური, რაღაც დღესასწაულს ულოცავს ადგილობრივ ლიდერს ან გასვენებაა სერიოზული პოლიტიკოსის, ან რამე მსგავსი ღონისძიებაა. ეს არის ღონისძიებები, რომელზეც პრეზიდენტს ყოველგვარი ნებართვის და თანხმობის გარეშე შეუძლია ჩასვლა, მაგრამ თუ პრეზიდენტი მიემგზავრება, მაგალითად, სავალუტო ფონდის თავმჯდომარესთან შესახვედრად, სავალუტო ფონდი მოგეხსენებათ ფრიად საქმიანი ორგანიზაციაა, ეს ის თემატიკაა, რომელიც მთავრობის კომპეტენციაა, მთავრობისგან უნდა იყოს უზრუნველყოფილი თანხმობა, მთავრობა უნდა თვლიდეს, რომ ეს საჭიროა", - განაცხადა უსუფაშვილმა. 

 

კომენტარები