LIFE

7 მიზეზი, რის გამოც საუკეთესო თანამშრომლები სამსახურიდან მიდიან

7 მიზეზი, რის გამოც საუკეთესო თანამშრომლები სამსახურიდან მიდიან

თუ კომპანიის მმართველი ხარ, გახსოვდეს: იმისათვის, რომ საუკეთესო ორგანიზაცია გქონდეს, პირველ რიგში საუკეთესო თანამშრომლები უნდა შეინარჩუნო! 

კარგი თანამშრომლის დაკარგვა ნებისმიერი კომპანიისთვის სერიოზული დარტყმაა: შემცვლელის მოძიება, სამუშაო გუნდში ადაპტაცია და წვრთნა, როგორც დიდ დროს, ასევე — სოლიდურ ხარჯებს უკავშირდება; თანაც წინასწარ არასოდეს იცი, გაართმევს თუ არა თავს დაკისრებულ ვალდებულებებს, კარგი შემცვლელის პოვნამდე კი წასული თანამშრომლის საქმე გუნდის სხვა წვერებზე ნაწილდება, რაც მათ უკმაყოფილებას იწვევს. 

ხანდახან თანამშრომლის წასვლას ლოგიკური მიზეზები აქვს: მაგალითად, თუ სამუშაო გუნდში ვერ ინტეგრირდა, პირადი პრობლემები შეექმნა ან ძალიან კარგი შეთავაზება მიიღო, რთულია გაამტყუნო, კიდევაც რომ ხვდებოდე, კომპანიისთვის რამხელა დანაკარგია. თუმცა, კარგი თანამშრომლები სამსახურიდან ხშირად მართვის არასწორი სტილის გამო მიდიან და ამის თავიდან აცილება მხოლოდ შენ — კომპანიის ხელმძღვანელს შეგიძლია! მოკლედ, როგორც წესი, როდესაც კადრი სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილებას იღებს, მას ამ 7-იდან რომელიმე მიზეზი აქვს:

7. სტაგნაცია

7 მიზეზი, რის გამოც საუკეთესო თანამშრომლები სამსახურიდან მიდიან

ადამიანებს არ სურთ იფიქრონ, რომ ყოველდღიურ რუტინაში გამომწყვდეულებს, შემდეგი 20 ან 40 წლის განმავლობაში ერთი და იგივე საქმის კეთება და ერთსა და იმავე დაწესებულებაში სიარული მოუწევთ. ყველა ადამიანის სურვილია, სამუშაო გარემოში წინსვლის და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას გრძნობდეს — რაღაცის ამბიცია ჰქონდეს. თუ სამსახური თანამშრომლებს კარიერულ კიბეს ან სტრუქტურის გაფართოვების პერსპექტივას ვერ სთავაზობს, ბუნებრივია იქ დასაქმებულები ამ მოცემულობების ძიებას სხვაგან დაიწყებენ.

უკეთეს შემთხვევაში, თუ ყველაფრის მიუხედავად თანამშრომელი სამსახურიდან არ წავა, თავს აუცილებლად უბედურად იგრძნობს, ეს მის ხასიათზე და ქმედითუნარიანობაზეც აისახება და საბოლოო ჯამში, ნეგატიური განწყობა გუნდის სხვა წევრებსაც გადაედებათ.

6. გადამეტებული საქმე

7 მიზეზი, რის გამოც საუკეთესო თანამშრომლები სამსახურიდან მიდიან

ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე სტრესული ან იმედგაცრუების პერიოდების გადატანა ყველანაირი მართვის სტილის მქონე კომპანიის თანამშრომლებს უწევთ, თუმცა კარგი კადრების „გადაწვას“ უმეტეს შემთხვევებში ზედმეტი საქმის კეთება იწვევს. ერთი მხრივ, საკმაოდ ბუნებრივია, ეს პრობლემა სწორედ საუკეთესო მუშაკებს რომ ექმნებათ — სხვებისგან გამორჩეული უნარების და პასუხისმგებლობის გრძნობის გამო, ბოსი განსაკუთრებულად სწორედ მათ ენდობა და შესაბამისად, ყველაზე მეტ საქმესაც ავალებს. თანაც, თუ ასეთი კადრები სამუშაო გარემოში დაწინაურების ან წახალისების პრეცედენტებს ვერ ხედავენ, უჩნდებათ განცდა, რომ მათ ვიღაც იყენებს. გვერწმუნე, მათ ადგილას შენც ასე იფიქრებდი!

5. გაურკვეველი კორპორაციული ხედვა

7 მიზეზი, რის გამოც საუკეთესო თანამშრომლები სამსახურიდან მიდიან

არაფერი იწვევს თანამშრომლების იმედგაცრუებას ისე, როგორც სამუშაო ადგილას ცარიელი ლაპარაკი — როდესაც მხოლოდ „დიდი ოცნებების“ შესახებ გესმის და იცი, რომ ისინი სტრატეგიულ, მიღწევად მიზნებად არაოსდეს გარდაიქმნება. რომელ ნიჭიერ ადამიანს უნდა საკუთარი დროის და ენერგიის დაკარგვა გაურკვეველი მიზნებისთვის? ყველას სურს იგრძნოს, რომ მუშაობის შედეგად რაღაცას ქმნის და არა მხოლოდ „ბორბლებს ატრიალებს“.

 4. ადამიანებზე მაღლა მოგების დაყენება

7 მიზეზი, რის გამოც საუკეთესო თანამშრომლები სამსახურიდან მიდიან

როდესაც ორგანიზაცია მოგებას კადრებზე წინ აყენებს, მას ყველა კარგი თანამშრომელი გაექცევა. დარჩებიან მხოლოდ საშუალო დონის მუშაკები, რომლებსაც პრინციპში უკეთეს პოზიციას არავინ სთავაზობს. რა თქმა უნდა, კომპანიის მოგება, წარმოება, სტეიკჰოლდერების ინტერესების გათვალისწინება და პროდუქტიულობა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, მაგრამ გახსოვდეს: წარმატება იმ ადამიანებზეა დამოკიდებული, რომლებიც საქმეს აკეთებენ.

3. არასაკმარისი აღიარება

7 მიზეზი, რის გამოც საუკეთესო თანამშრომლები სამსახურიდან მიდიან

თუ ფსიქოლოგიაში ზედაპირულ დონეზე მაინც ერკვევი (რაც, პრინციპში კომპანიის მმართველს აუცილებლად მოეთხოვება), ისიც გეცოდინება, რომ ყველაზე ნაკლებად ამბიციურ ადამიანსაც სურს, საქმის კარგად შესრულებისთვის შეაქონ და მისი შესაძლებლობები აღიარონ. თუ ასე არ მოიქცევი, თანამშრომლების მოტივირებას ვერ შეძლებ და მათი ეფექტიანობის გაძლიერების შანსსაც ხელიდან გაუშვებ. მოტივაციისთვის ყოველთვის ფული არ გჭირდება, ხანდახან სიტყვიერი შექება და მადლიერების გამოხატვაც საკმარისია, ადამიანს საკუთარი პროდუქტიულობის გაძლიერების სურვილი რომ აღუძრა.

2. უნდობლობა

7 მიზეზი, რის გამოც საუკეთესო თანამშრომლები სამსახურიდან მიდიან

თანამშრომლები ბოსის ქცევას ყოველთვის კარგად იმახსოვრებენ. თუ ხედავენ, რომ გამყიდველებს არაეთიკურად ეპყრობი, სტეიკჰოლდერებს ატყუებ, კლიენტებს ასულელებ ან მიცემულ სიტყავს არ ასრულებ, შენთან დიდხანს არ იმუშავებენ. ისინი კი, ვინც კომპანიაში დარჩებიან, შენსავე ქცევას გაიმოერებენ, თანაც ამ ხერხებს სწორედ შენ საწინააღმდეგოდ გამოიყენებენ.

1. ზედმეტად მკაცრი იერარქია

7 მიზეზი, რის გამოც საუკეთესო თანამშრომლები სამსახურიდან მიდიან

სტრუქტურა და ლიდერობის გარკვეული მოდელი ნებისმიერ სამუშაო გარემოს სჭირდება, მაგრამ მკაცრად „ზემოდან ქვემოთ“ გააზრებული დიზაინით აწყობილი მართვის სტილი თანამშრომლების უკმაყოფილებას იწვევს. თუ შენი საუკეთესო თანამშრომლები იგრძნობენ, რომ მათი გამოცდილება და იდეები არავის აინტერესებს, არც გადაწყვეტილების მიღება მოეთხოვებათ და სხვა თანამშრომლებისგან მხოლოდ ქაღალდზე გაწერილი სტატუსი განასხვავებთ, თავს ბედნიერად ნამდვილად არ იგრძნობენ.

 საბოლოო ჯამში, ადამიანების უმეტესობა სამსახურიდან სწორედ უფროსის გამო მიდის, სამუშაო და ორგანიზაციის გარემო არაფერ შუაშია. ამიტომ, თუ კომპანიაში კადრების ძლიერი გადინება გაქვს, საკუთარ თავს ჰკითხე, რატომ გაგირბიან საუკეთესო თანამშრომლები და ცვლილებები შეიმუშავე, შენი ბიზნესი სტაბილურად რომ განვითარდეს.



წყარო:&nbsp;<a href="http://www.inc.com/lolly-daskal/7-reasons-the-best-employees-quit-even-when-they-like-their-job.html">inc.com</a>