ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ

ივანიშვილი: სამთავრობო ცვლილებებამდე პრემიერმა ღარიბაშვილმა აზრი მკითხა

საქართველოს ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას სამთავრობო ცვლილებებამდე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზრი ჰკითხა. თუმცა, როგორც ივანიშვილმა კვირის პალიტრას უთხრა, "მე არ მითქვამს, კონკრეტულად ასე ან ისე გააკეთეო". ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, რომ ახლა ირაკლი ღარიბაშვილია მთავრობის მეთაური და თუ ცვლილებების საჭიროებას ხედავს, შესაბამისადაც უნდა იმოქმედოს.

"სამთავრობო ცვლილებებამდე პრემიერმა ღარიბაშვილმა მკითხა აზრი, თუმცა, მე არ დავინტერესდი და არ მითქვამს, კონკრეტულად ასე ან ისე გააკეთეო. ჩემი დამოკიდებულება დღესაც ისეთივეა, როგორიც ადრე იყო, როდესაც მე ღარიბაშვილს პრემიერის პოსტი გადავაბარე, მისთვის არანაირი პირობები არ წამიყენებია. იგივე ვუთხარი ღარიბაშვილს ახლაც, დღეს ის არის პრემიერი და თუ ხედავს სამთავრობო ცვლლებების საჭიროებას, შესაბამისად უნდა იმოქმედოს. ისიც ვუთხარი, რომ თუ კონკრეტულ მინისტრზე ან სამინისტროზე მკითხავს, მე ჩემს აზრს გამოვთქვამ, თუმცა, რაც ნაკლებს შემეკითხები, მით უკეთესია ჩემთვის-მეთქი. ჩემში დიდ ინტერესს არ იწვევს, მაგალითად, ის, თუ ვინ იქნება კულტურის მინისტრი. თუმცა, ჩემთვის რამდენიმე საკვანძო სამინისტრო უფრო საინტერესოა (მაგალითად, ჯანდაცვის, შსს და ა.შ.), იგივე შს მინისტრი დანიშნა ღარიბაშვილმა, ეს აბსოლუტურად მისი არჩევანი იყო და მე ამ კაცს (ჭიკაიძეს) არ ვიცნობდი. ისე, მივიჩნევ, რომ ნორმალური არჩევანი იყო. ვიმეორებ - ჩემთვის მთავარია კურსი და დამოკიდებულება, რომელიც აქვს პოლიტიკურ გუნდს კოალიციის სახით", - აცხადებს ივანიშვილი და აღნიშნავს, რომ თუ ვერ გაამართლებს რომელიმე მინისტრი, პრემიერს აქვს უფლება, ის ისევ გამოცვალოს.

"თუმცა, ალბათ, სჯობს, ასეთი ცვლილებების საჭიროება ხშირად არ დადგეს. მთავარია, პრემიერმა, ანუ პოლიტიკურმა ლიდერმა, პოზიცია არ შეიცვალოს, რასაც არც ველოდები - დინჯი, კახელი კაცია და პოზიციებს ხშირად არ იცვლის ხოლმე. მირჩევნია, ქვეყნის 15-20-წლიანი განვითარების პერსპექტივასა და ეკონომიკაზე ვიფიქრო (რაზეც ვხარჯავ ჩემს ძირითად დროს) და არა იმაზე, ღარიბაშვილი რომელ მინისტრს ვისით ჩაანაცვლებს. ყველა მინისტრი ღარიბაშვილმა შეარჩია, ერთადერთი, რაშიც დახმარება მთხოვა, კულტურის მინისტრის კანდიდატურა იყო, თუმცა, სამწუხაროდ, ვერ დავეხმარე - ლამის მთელი საქართველო მოვსინჯეთ, თუმცა, მინისტრის კანდიდატურა საბოლოოდ ისევ ღარიბაშვილმა შეარჩია", - განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ ერთ-ერთი ყველაზე რთული უწყება კულტურის სამინისტრო, ხოლო ურთულესი - სასჯელაღსრულების სამინისტრო აღმოჩნდა.

"დიდ პატივს ვცემ ყოფილ მინისტრს, რომელიც ჩემი დანიშნული იყო ამ თანამდებობაზე, თუმცა, მგონი, თვითონაც არ იყო კმაყოფილი მუშაობით. ჩემი აზრით, ურთულესი სამინისტროა სასჯელაღსრულების სამინისტროს უწყება. სოზარ სუბარი გულწრფელად ცდილობდა ვითარების გაუმჯობესებას, ვიცით, რომ ამ სამინისტროშიც მოხდა საკადრო გადაადგილებები. ჩემი პრემიერობისას, თუ რომელიმე სამინისტროსთან გაჩნდებოდა კითხვები, რეაქცია ადეკვატური იყო, ასეა დღესაც. ჩემი აზრით, დღეს მთავარია საქმისადმი დამოკიდებულება. დღევანდელ პრემიერს საქმისადმი აქვს ისეთივე დამოკიდებულება, როგორიც მე. ამასვე ვიტყოდი ქართული ოცნების პოლიტსაბჭოსა თუ ზოგადად გუნდზე. საქართველო უნდა იყოს გამჭვირვალე, დემოკრატიული ქვეყანა და ადამიანის უფლებები წინა პლანზე უნდა იყოს წამოწეული. თუ რომელიმე მინისტრი ვერ მოახერხებს ამ ფორმატში მუშაობას, მას შესაბამისად მოექცევიან. პრემიერ ღარიბაშვილის დამოკიდებულება იგივეა, გადაცდომა არავის ეპატიება და ძველი უბედურება არ დაბრუნდება. ხელისუფლება ბიზნესში არ ჩაერევა, კანონის დაცვა უპირველეს ყოვლისა, პრემიერს და მინისტრებს მოეთხოვებათ და კანონის წინაშე ყველა თანაბარია. მთავარია, ეს დამოკიდებულება არ შეიცვალოს, რაც ყველამ კარგად უნდა გაითავისოს", - განაცხადა ივანიშვილმა კვირის პალიტრასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

კომენტარები