აშშ-საქართველოს ურთიერთობა

წყარო: მთავრობამ აშშ-ს სირიელი მეამბოხეების საქართველოში წვრთნა შესთავაზა

thedailybeast.com

საქართველოს მთავრობა აშშ-ს საქართველოს ტერიტორიაზე სირიელი მეამბოხეების გაწვრთნას სთავაზობს - ამის შესახებ ტაბულასათვის ცნობილი ინფორმირებული წყაროსაგან გახდა.

ტაბულას წყაროს ინფორმაციით ამერიკელებს ამ წინადადებაზე ჯერ არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. სირიელი მეამბოხეების საქართველოს ტერიტორიაზე გაწვრთნა შესაძლოა საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილის ნიუ იორკში ვიზიტის ფარგლებში აშშ-სთან განხილვის საგანიც გახდეს.

ამ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროში უარყოფენ. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ეკა შანიძის განცხადებით ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. საგარეო საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ამ თემაზე ორშაბათამდე კომენტარს არ გააკეთებენ.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ ამ ინფორმაციის შესახებ პირველად ესმით.  სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ხელმძღვანელის მინდია ჯანელიძის განცხადებით ამ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთება არ ღირს, რადგან ეს არის სრული აბსურდი და ჭორი.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის(GRASS) თანადამფუძნებლის სერგი კაპანაძის განცხადებით საქართველოში სირიელი მეამბოხეების წვრთნა ქვეყნისათვის საფრთხის მომტანია. კაპანაძს განცხადებით, მეამბოხეების რიგებში არიან როგორც ზომიერი ასევე რადიკალი აჯანყებულები, მათ შორის არაერთს კავშირი სხვადასხვა ტერორისტულ ორგანიზაციასთან აქვს.

ექსპერტ კახა კახიშვილის თქმით, მას ამ საკითხზე არაფერი სმენია, თუმცა როგორც საქართველოს მოქალაქეს არ მოეწონება ქვეყანაში სირიელი მეამბოხეების წვრთნების დაწყება. 

ტაბულა აგრძელებს წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმებას.

კომენტარები