ომი უკრაინაში

ზაქარეიშვილი: არის თუ არა უკრაინაში რუსეთის აგრესია, ჩემი პოზიცია არ მაქვს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით, საკუთარი პოზიცია არ გააჩნია. მინისტრს ჟურნალისტებმა იმ ფაქტის შეფასება სთხოვეს, რომ ხელისუფლების წევრები ერიდებიან "რუსეთის აგრესიის" და "რუსეთის" სახელის ხსენებას. ასევე, ჰკითხეს, უკრაინაში შექმნილი ვითარება არის თუ არა რუსეთის აგრესია. პასუხად, ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ ეს კითხვა მთავრობის წევრებს, კონკრეტულად კი, საგარეო საქმეთა მინისტრს დაუსვან.

"მე მთავრობის წევრი ვარ, რომელსაც მევალება სხვა მიმართულებები. მე არაფერი არ მერიდება და შემიძლია, ვთქვა ჩემი აზრი, მაგრამ ჯობია, მთავრობა რაკი არსებობს, მთავრობის სახელით ილაპარაკოს იმან, იმას ევალება. მე, მაგალითად, თამამად ვლაპარაკობ, რაც ჩემი მიმართულებაა, რელიგიაზე ვსაუბრობ, არა? საგარეო საქმეთა სამინისტრო არსებობს, რომელიც აკეთებს განცხადებებს და არა ერთხელ და ორჯერ ყოფილა მკაფიოდ გამოთქმული პოზიციები. გუშინ, გუშინწინ ქალბატონმა მაია ფანჯიკიძემ ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა, აშკარად ჩანს იქ, რა თქმა უნდა, რუსეთის ჩართულობა და დღეს ითქვა კიდეც, რომ ეს არის ტრაგედია და მე მგონი, რომ პუტინმა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ეს ტრაგედია თავიდან იქნეს აცილებული. მაგრამ მაინც ჯობია, როცა მთავრობას ველაპარაკებით. მე საზოგადოების წინაშე ახალგამოჩენილი არ ვარ და არასდროს მერიდებოდა ჩემი მოსაზრებების გამოთქმა, მაგრამ რაკი მთავრობის წევრი ვარ, ჯობია რომ... მთავრობაში არსებობს სპეციალური მიმართულებები, ხელმძღვანელები, ისინი აკეთებენ განცხადებებს და ეს არის სწორი, ასეც უნდა იყოს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

დამატებით კითხვაზე, "თქვენი აზრით, არის თუ არა ეს რუსეთის აგრესია", შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა უპასუხა, რომ "ასე რომ მისვამთ კითხვას, მე უნდა გაგიშვათ აუცილებლად მთავრობის სხვა წევრებთან, ვინც ვალდებულია, გააკეთოს ეს განცხადება". ჟურნალისტებმა მისი პირადი პოზიციის დაფიქსირება სთხოვეს, ზაქარეიშვილის განცხადებით კი, "მე მინისტრი ვარ, უკაცრავად, მე არ გამაჩნია ჩემი პოზიცია ამ შემთხვევაში".

ჟურნალისტების კითხვაზე, "როგორია მთავრობის პოზიცია", მინისტრი პასუხობს - "ეს უნდა გააჟღეროს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რა პრობლემაა, რომ მათ ჰკითხოთ?". მედიის დამატებით ჩაკითხვაზე - "და რა პრობლემაა, თქვენც რომ გკითხოთ?", პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ერთიანი გუნდია.

"თქვენთვის რა უფრო მნიშვნლოვანია, დააფიქსიროთ განსხვავებები თუ ერთი რაღაც მკაფიო განცხადება? ამიტომ მე მჭირდება, რომ საქართველოს მთავრობა წარდგეს საზოგადოების წინაშე ერთიანი პოზიციით. ამას აყალიბებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. მკითხეთ აფხაზეთზე, გპასუხობთ? მკითხეთ ცხინვალზე, გპასუხობთ? მკითხეთ რელიგიაზე, გპასუხობთ? რაც მე მევალება, გპასუხობთ. ჯანდაცვაზე ვერ გიპასუხებთ, კულტურაზე ვერ გიპასუხებთ. საგარეო საქმეთა სამინისტროზე ვერ გიპასუხებთ. გაუშვით ყველაფერი, ვისწავლოთ ნორმალური ურთიერთობა. მე ვარ მთავრობის წევრი და ვმუშაობ მთავრობის კონტექსტში. მთავრობის პოზიცია ჰკითხეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

კომენტარები