მიხეილ სააკაშვილის საქმე

ალასანია: სენატორები დაელოდონ მართლმსაჯულებას და პატივი სცენ ქვეყნის კანონებს

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ აშშ-ის სენატორებს, მართალია, "აქვთ გარკვეული შეშფოთებები", თუმცა, უნდა დაელოდონ მართლმსაჯულებას და საქართველოს კანონებს პატივი სცენ. მისივე თქმით, გამოძიება უნდა იყოს ობიექტური და გამჭვირვალე. აღნიშნული მან ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და რამდენიმე მაღალი თანამდებობის ყოფილი პირისთვის ბრალის წარდგენაზე თქვა.

"ფაქტია, რომ უმძიმესი საშუალებების გამოძიებასთან გვაქვს საქმე, ეს ყველას ჩვენ თვალწინ ხდებოდა. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის, რომ შეიარაღებული ძალები იქნა გამოყენებული მოსახლეობის წინააღმდეგ, უკანონოდ და, აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა ველოდებით გამოძიებას და მის შედეგებს, გამოვლენილი უნდა იქნენ დამნაშავეები. მთავარია, რა თქმა უნდა, რომ გამოძიება იყოს ობიექტური, იყოს გამჭვირვალე, სასამართლო იყოს დამოუკიდებელი, რაც ასევე მნიშვნელოვანია, ეჭვმიტანილების დაცვის უფლება უნდა იყოს გარანტირებული, რომ არავის, მათ შორის, ჩვენს პარტნიორებს, არ ჰქონდეს ეჭვი იმისა, რომ აქ პოლიტიკური მოტივაციაა. ამასთანავე, ეს არის ძალიან გამაფრთხილებელი სხვა ხელისუფლებებისთვის, რომელიც საქართველოში იქნება და, პირველ რიგში, ჩვენი ხელისუფლებისთვის, რომ სახელისუფლებო თანამდებობაზე ყოფნა არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას და კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

მე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პატივს ვცემ სენატორებს, ჩვენს მეგობრებს. ისინი მართლა საქართველოს მეგობრები არიან, მესმის, რომ მათ აქვთ გარკვეული შეშფოთებები, მაგრამ დაელოდონ მართლმსაჯულებას და პატივი სცენ საქართველოს კანონებს", - აღნიშნა ალასანიამ.

ცნობისთვის, სენატორებმა - ბენ კარდინმა (დემოკრატი), ჯონ მაკკეინმა (რესპუბლიკელი), ჯინ შაჰინმა (დემოკრატი) და ჯიმ რიშიმ (რესპუბლიკელი) სააკაშვილისა და წინა ხელისუფლების სხვა ლიდერების მიმართ ბრალის წარდგენასთან დაკავშირებით განცხადება  გამოაქვეყნეს.

“ჩვენ უკიდურესად იმედგაცრუებულები და შეშფოთებული ვართ, რომ საქართველოს მთავარმა პროკურორმა ბრალი წარუდგინა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და წინა ხელისუფლების მრავალ ლიდერს.

პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი მთავრობა უნაკლო არ ყოფილა, და ნებისმიერი დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანია კანონის დაცვა. მაგრამ მართლმსაჯულების აღსრულება არ უნდა გახდეს პოლიტიკური შურისძიების იარაღი და ეროვნული განხეთქილების წყარო. განსაკუთრებით დღეს, როდესაც საქართველოს წინაშე ამდენი გამოწვევაა.

ჩვენ, და სხვებმა, მტკიცედ მოვუწოდეთ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს და სხვა ქართველ ლიდერებს, ფოკუსირებულიყვნენ მომავალზე და არა წარსულზე, ქვეყანას წინ გაძღოლოდნენ და არა უკან.

პრაქტიკულად, წარმოუდგენელია, როგორ შეესაბამება ამ მიზანს წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა უმეტესობის გასამართლების გადაწყვეტილება.

ქართველი ლიდერები ღრმად და სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ, თუ რა მიმართულებით მიჰყავთ თავიანთი ქვეყანა. დღევანდელი მოქმედება, სხვა მოქმედებათა მსგავსად, ხელს უშლის ჩვენი ურთიერთობის წინსვლას", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. მთავარი პროკურატურა ექსპრეზიდენტს 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივ დარბევას, ტელეკომპანია იმედში შესვლასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება. დღესვე ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს.

ბრალი 2007 წლის 7 ნოემბერს მომიტინგეთა მასობრივი დარბევის, ტელეკომპანია იმედში შესვლისა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების ხელში დანაშაულებრივად ჩაგდების საქმეზე ასევე წარუდგინეს შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილსა და თბილისის ყოფილ მერ გიგი უგულავას. 

პროკურატურამ განცხადება ბრალის წაყენების შესახებ გუშინ გაავრცელა.

კომენტარები