უკრაინის კრიზისი

საპატრიარქოს უკრაინის კრიზისზე პოზიცია არ აქვს: რა ჩემი საქმეა?!

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა ტაბულასთან საუბარში განაცხადა, რომ საქართველოს საპატრიარქოს არ აქვს ოფიციალური პოზიცია იმის შესახებ, თუ ვინ არის პასუხისმგებელი უკრაინაში მიმდინარე აგრესიაზე.

მისი განმარტებით, ეკლესია პოლიტიკური ორგანიზაცია არ არის, რომ უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები შეაფასოს.

"ეკლესია პოლიტიკური ორგანიზაციაა და საპატრიარქომ შეაფასოს რუსეთ-უკრაინის... უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისი? ვინ არის დამნაშავე? ჩვენ უნდა დავადოთ ხელი? არაკორექტული კითხვაა. რატო უნდა შევაფასო მე? მე უნდა შევაფასო? მე შეიძლება ჩემი აზრი გამაჩნდეს, მაგრამ შეფასება რა ჩემი საქმეა? მე რა, პოლიტიკური ორგანიზაცია ვარ თუ სახელმწიფო ვარ? მე ეკლესია ვარ და ჩემი საქმე მაქვს", - განაცხადა ბოტკოველმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი ინფორმირებული არ არის იმის შესახებ, უკრაინის კრიზისის პერიოდში შედგა თუ არა რაიმე კომუნიკაცია საქართველოს საპატრიარქოსა და კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას შორის, რომელსაც პატრიარქი ფილარეტი ხელმძღვანელობს.

"პატრიარქი ვის ელაპარაკება ტელეფონზე, მე ყველაფერს კი არ მეუბნება... ყველაფერი კი არ ვიცი მე", - აცხადებს მამა მიქაელი.

რაც შეეხება მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დონეცკის ეპარქიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დონეცკის ეპარქიის მიტროპოლიტს ილარიონ შუკალოს დაურეკა, მამა მიქაელმა ვერც ეს ინფორმაცია დაადასტურა. მისი თქმით, მსგავსი საკითხებით საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმეა დაკავებული. ტაბულა ცდილობს მეუფე გერასიმე შარაშენიძესთან დაკავშირებას.

კომენტარები