Maroon 5 -ის კონცერტი – რა მოხდა ბათუმში

maroon5 _in_batumi

მოლოდინი დიდი იყო – ყოველ წელს ხომ არ ჩამოდიან საქართველოში ისეთი პოპულარული და წარმატებული ვარსკვლავური ბენდები, როგორც Maroon 5-ია. იქამდე, ორი კვირით ადრე, თბილისს სამთავრობო პროექტის, Check in Georgia-ს ფარგლებში, რობი უილიამსი სტუმრობდა და თავისი არაჩვეულებრივი ლაივ-შოუთი კონცერტის ყველა დამსწრე კმაყოფილი დატოვა. მაშ, რა მოხდა ბათუმში?

რობით დავიწყებ – ტკბილი 2000-იანების მოგონებაა, რამდენიმე სიმღერას დღესაც სიამოვნებით ვუსმენ. მაგრამ წლევანდელი მუსიკალური ღონისძიებებისა და საკუთარი ფინანსების გადახედვის შემდეგ, გადავწყვიტე კონცერტი გამომეტოვებინა, მოტივით “დიდად არ ვგიჟდები ამ მომღერალზე”. დამსწრე საზოგადოების რეაქციების მოსმენის შემდეგ, ძალიანაც ვინანე ეს ნაბიჯი. იშვიათად მინახავს კონცერტით ასე ერთხმად აღფრთოვანებული იყოს ყველა. ამიტომაც გადავწყვიტე, რომ რაც არ უნდა ყოფილიყო, Maroon 5-ის კონცერტი აღარ უნდა გამომეტოვებინა. მითუმეტეს, რომ თანამედროვე, დიდების ზენიტში მყოფი ბენდია და არა წარსულის ჰიტების ხათრით პოპულარული ჯგუფი.

maroon 5_in_batumi

ფოტოს წყარო: კულტურის სამინისტრო

პირველი, რითიც გავოცდი ბათუმის საოცრებათა პარკში მისული, ხალხის რაოდენობა იყო: საქართველოში გამართულ არცერთ მუსიკალურ ღონისძიებაზე, არცერთი ბენდის კონცერტზე არ მინახავს ამდენი ადამიანი! Maroon 5-ის ფრონტმენი სცენაზე გამოჩენისას, თუ იქ დასმწრეთა კომენტარებს დავუჯერებთ, ქართველ მაყურებელს არ მისალმებია, რამაც ბევრის გულისწყრომა გამოიწვია  (იმდენად დაღლილი ვიყავი მისი  მოლოდინით, ამ დეტალისთვის ყურადღება არც მიმიქცევა). “კაპიშონკასა” და დახეულ ჯინსებში გამოწყობილი ადამის დანახვისას შთაბეჭდილება შემექმნა, რომ დივანზე წამოგორებული ტელევიზორის ყურებით იყო გართული, როცა აახტუნეს და სცენაზე გამოიყვანეს. თუმცა, ეს ვერაფერს აკლებდა მის მომხიბვლელობას.

maroon 5

ფოტოს წყარო: კულტურის სამინისტრო

ეტყობა ბათუმის ცასაც ისე უნდოდა ადამ ლევინის ხილვა, მისი სცენაზე ყოფნისას სიხარულის ცრემლებს გვაწვიმდა განუწყვეტლივ. კონცერტის ყველაზე დიდი მინუსი ჩემთვის ამინდი იყო. ისე წვიმდა, თავიდან ფეხებამდე დავსველდით და მუსიკისგან სიამოვნების მიღების უნარი სრულიად დაგვეკარგა. “Sorry for the weather”-ო კი მოგვიბოდიშა ლევინმა, მაგრამ, აბა, რა მაგის ბრალი იყო. ამინდს რომ ყურადღება არ მიაქციო, ასეთ დროს:

  • ან ალკოჰოლის/რაიმე ნარკოტიკის ძლიერი ზემოქმედების ქვეშ უნდა იყო
  • ან ისე უნდა გიჟდებოდე ჯგუფზე და ბედნიერი იყო მის “ლაივზე” დასწრებით, რომ სულ “გეკიდოს” თუნდ ქარიშხალი ამოვარდეს ან მიწისძვრა მოხდეს შუა კონცერტისას
  • ანდაც მუსიკოსმა/მუსიკოსებმა საკუთარი ცოცხალი შესრულებით უნდა მოგხიბლონ და თავბრუ დაგახვიონ

რადგან არცერთ კრიტერიუმს არ ვაკმაყოფილებდი, ამიტომაც მოახდინა ჩემზე ამინდმა ასეთი ნეგატიური ზეგავლენა. რაც შეეხება იმას, რომ Maroon 5-ის ვოკალისტმა ვერ იმღერა – მის სხვა ლავებსაც რომ გადაავლოთ თვალი, შეამჩნევთ რომ ადამის ჭყიპინა ხმა დიდი ვოკალური მონაცემებით არ გამოირჩევა.

ავად თუ კარგად, Maroon5 -მა 1.5 საათის განმავლობაში თითქმის ყველა ცნობილი ჰიტი შეასრულა. კონცერტის დასრულებამ შვება მომგვარა, თუმცა, მთავარი “სიურპრიზი” წინ გველოდა – სახლამდე მისაღწევად უზარმაზარი გუბეები და ნიაღვრები უნდა გამოგვეარა.

ვცდილობთ სახლამდე მივაღწიოთ

ბათუმის ბულვარი წვიმის შემდეგ

ცალკე აღნიშვნის ღირსია ბათუმის მოუმზადებლობა ტურისტული სეზონისთვის. მაშინ, როცა ბათუმს დაახლოებით 30 ათასამდე ადამიანი ეწვია, ყველაზე დიდი მაღაზიები დაცარიელებული აღმოჩნდა. ვერ იშოვიდი ისეთ პროდუქტს, როგორიცაა პური.  კაფე-ბარებიც ვერ მუშაობდნენ გამართულად –  საჭმელი საათის დაგვიანებით მოჰქონდათ, მენიუში არსებული უამრავი კერძის შეკვეთა შეუძლებელი იყო. მაინც რაზე ფიქრობენ მომსახურების სფეროს ბათუმელი მესვეურები?

პ.ს. მიუხედავად ყველაფრისა, კარგი გამოცდილება მივიღე: ამიერიდან ზუსტად ვიცი, რომ Maroon5-ის მოსასმენად 300 კმ-ის გავლის სურვილი აღარ მექნება.

, , , , , , , , , ,

  1. დატოვე კომენტარი

დატოვე კომენტარი