კვირის ამბები,კვირის ამბები,მთავარი

17 წლის ლია ხულოდან „ზღაპრებს აჰყვა“ და ამერიკაში მიდის სასწავლად

21.04.2016 • 3338
17 წლის ლია ხულოდან „ზღაპრებს აჰყვა“ და ამერიკაში მიდის სასწავლად

ხულოს მუნიციპალიტეტის დაბა ხულოს საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ლია დეკანაძე ერთ-ერთია იმ 80 ქართველ მოსწავლეს შორის, რომლებიც მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის [FLEX] ფარგლებში აშშ-ში ისწავლიან ამერიკულ სკოლაში და იცხოვრებენ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთი აკადემიური სასწავლო წლის განმავლობაში.

17 წლის ლია იხსენებს, რომ პირველად ბედი ამ პროგრამაში მეცხრე კლასში სცადა, თუმცა მეორე ეტაპიდან გამოეთიშა კონკურსს. როგორც ლია ამბობს, თავდაპირველად ინგლისური ენის ტესტი გაიარა, შემდეგ ეტაპზე უკვე მცირე თემების ინგლისურად დაწერაა საჭირო, მესამე ეტაპზე გადასული მონაწილეები კი წერენ ესეს – თუ რატომ სურთ ამერიკაში წასვლა, გადიან გასაუბრებას და ამზადებენ მონაცემებს: განათლებისა და ჯანმრთელობის ცნობებს, წერენ ინტერესის საკუთარი სფეროების შესახებ და საკუთარ თავს წარუდგენენ ორგანიზატორებს.

„აკვირდებიან იმასაც, თუ რამდენად მზადაა მონაწილე ფსიქოლოგიურად ოჯახისგან შორს იცხოვროს მთელი წლის განმავლობაში და შეეგუოს ახალ გარემოს. დიდი ყურადღება ექცევა აქტივობებსა და უნარ-ჩვევებს. მეცხრე კლასში ჩემი ინგლისურის ცოდნის დონე დაბალი იყო“, – ამბობს ლია და დასძენს, რომ მაშინ მის ირგვლივ მყოფი ადამიანები სკეპტიკურად უყურებდნენ ამერიკაში ერთი წლით წასვლის შესაძლებლობას და ურჩევდნენ „ზღაპრებს“ არ აჰყოლოდა. „სიმართლე გითხრათ, ამან მომცა მეტი სტიმული. ჩემთვის ვთქვი, რომ ზუსტადაც – შევძლებდი“, – იხსენებს ლია.

მისი თქმით, მიუხედავად სტიმულისა, როცა შემდეგი კონკურსი მოახლოვდა, მაინც ყოყმანობდა და რომ არა ოჯახის დაჟინებული თხოვნა, შესაძლოა მონაწილეობა არც ეცადა:

„ვიფიქრე, ვერ გადავიდოდი, მაგრამ ახლობლები მეუბნებოდნენ, რომ გამარჯვებისთვის კი არა, თუნდაც, უბრალოდ, ცდისთვის უნდა მიმეღო მონაწილეობა. ჩვენს სკოლაში მშვიდობის კორპუსის მოხალისე მუშაობს, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ჩემს გადაწყვეტილებაში. მეუბნებოდა, რომ მე შევძლებდი“.

ლია ამბობს, რომ არასდროს უვლია რეპეტიტორთან ინგლისური ენის შესასწავლად: `შეიძლება კარგი ყოფილიყო, მაგრამ ეს დამატებითი ხარჯი იქნებოდა ოჯახისთვის. სკოლაში მეხუთე კლასიდან ვსწავლობ ინგლისურს, მაგრამ გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვი, რომ ეს საკმარისი არ არის. დაბის სკოლაა და არც ბევრი რესურსი გვაქვს სკოლაში, თან კლასშიც ბევრნი ვართ საიმისოდ, რომ უცხო ენა კარგად ვისწავლოთ. ყველა სხვადასხვა დონეზე ითვისებს. თითქმის არ ყოფილა, რომ ინგლისურის სახელმძღვანელო ბოლომდე დაგვესრულებინოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ რაღაც დონეზე ცოდნის მიღება აქაც შეიძლება. უფრო გაღრმავებისთვის კი, პირადად ჩემი მაგალითიდან რომ ვთქვა, ჩამოსულ უცხოელ მოხალისეებთან ყოველთვის ვცდილობ ვიკონტაქტო, სოციალურ ქსელებში მყავს ბევრი უცხოელი მეგობარი, ვცდილობ ინგლისურად ვუყურო ფილმებს და ვიკითხო“.

ლია დეკანაძე

ლია დეკანაძე

ლიას თქმით, მნიშვნელოვანია კომპლექსების დაძლევა და საკუთარი თავის რწმენა. თავადაც ბევრ აქტივობაშია ჩართული: ცეკვა, კალათბურთი, მოსწავლეთა თვითმმართველობა, ახალგაზრდული საკრებულო და სხვადასხვა საგნობრივი ოლიმპიადა და კონკურსები… „მივხვდი, რომ სწავლასთან ერთად ბევრს მძენდა სწორედ ეს აქტივობები, სასწავლო ბანაკები. იქიდან დაბრუნებული ყოველთვის უფრო გაზრდილი მეჩვენებოდა ჩემი თავი, ამიტომაც უფრო აქტიურად ვერთვებოდი“, – ამბობს ლია.

ლია დეკანაძე წარმატებული მოსწავლეა, მან ახლახან გაიმარჯვა კიდევ ერთ პროექტში – „ვკითხულობთ ინგლისურად“ და 13 ივნისს ბაქოში გაემგზავრება სამდღიან ტურში, ყვავილების ფესტივალზე.

მე-11 კლასის მოსწავლე ხულოს საჯარო სკოლიდან ამბობს, რომ მიუხედავად რესურსებზე დაბალი წვდომისა, მაღალმთიანი სოფლის მოსწავლესაც შეუძლია მიაღწიოს მიზანს. „სკოლაში სწავლა არ არის საკმარისი, რაც შეიძლება მაქსიმალურად უნდა ჩაერთო აქტივობებში, სახლში სცადო, დამატებითი გზები ეძებო და რაც მთავარია, საკუთარი თავის უნდა გწამდეს, სწორი თვითშეფასებაა მნიშვნელოვანი. ჩემს კლასშიც არიან მოსწავლეები, რომლებიც ჩემზე გონიერები და კარგები არიან რაღაც საკითხებში, მაგრამ ხშირად იხევენ უკან. ახლა უკვე ყველამ რომ დაინახა ეს ზღაპარი არ არის, მათაც მიეცათ მოტივაცია და უკვე ბევრი მეკითხება, როგორ მოემზადონ, რა რჩევებს მივცემდი ჩემი გამოცდილებიდან. ვიცი, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ცდის და ეს მიხარია“, – ამბობს ლია.

მალალა იუსაფზაი ლიასთვის შთაგონების წყაროდ იქცა. როგორც ამბობს, სწორედ მისი ისტორიის წაკითხვის შემდეგ მოუნდა, რომ რა პროფესიაც არ უნდა აირჩიოს, ის მშვიდობასა და დაჩაგრულთა უფლებების დაცვას უნდა ეხებოდეს: „ვიცი, ეს ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ ის, რომ მე ამერიკაში წავიდოდი სასწავლად, ჩვენთან, ხულოში, არანაკლებ ხმამაღლა და წარმოუდგენლად ჟღერდა”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: