Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პავლიკ მოროზოვის ბოლო დილა

30 ნოემბერი 2014

(cut-up ნაწყვეტები upcoming ნოველიდან “ჩუჟოი”)

(წინა ნაწყვეტები შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: http://blogs.liberali.ge/ge/blog/1184/121075/)

 

***

როცა ბარიგა ქალაქში გამოდის, ჰაერში დამწვრის სუნია. ძაღლები გრძნობენ ამას და ყნოსვა უმძაფრდებათ, კორპუსების შამანებს ეღიმებათ და მთვარის კალენდარებს ამოწმებენ, ნარკომანები კარგავენ მოთმინებას და ერთ ადგილზე დიდხანს ვერ ჩერდებიან, შეინიშნება მსუბუქი გაღიზიანება და დიდი მოლოდინები.

ეს მოუსვენარი ფლუკტუაციები, რა თქმა უნდა, მთელი ქალაქის სისტემაზე ახდენს გავლენას და დედებს მოულოდნელად ხელში აჰყავთ ბავშვები, კოლორიტები გაუცნობიერებლად აწარმოებენ შემოვლას უბნის საზღვრების შესამოწმებლად, მარტოხელა ბებიები ეძებენ გაყვითლებულ ფურცლებს ნათესავების ტელეფონის ნომრებით, მაგრამ ფურცლებს სადღაც მალავს ცელქი ეშმაკი და უხილავი ჭიები ჭამენ მას, როგორც შავი ხვრელი კოსმოსს. პრემიერ-მინისტრს უჩნდება სურვილი, დაურეკოს შს მინისტრს, ამავდროულად იმასაც იგივე სურვილი უჩნდება და ამის გამო ცოტა ხანი ერთმანეთს ვერ უკავშირდებიან - ორივე ტელეფონი ერთმანეთს ურეკავს და დაკავებას იძლევა.

- სადაა ეს ჩემისა,- ბრაზობს პრემიერი. მას უკვე გაუჩნდა დაუოკებელი სურვილი, რომ დანიშნოს პრესკონფერენცია და ვეღარ ითმენს, ძვლის ტვინით გრძნობს, რომ ეს აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ წარმოდგენა არ აქვს, რა უნდა ილაპარაკოს ამ პრესკონფერენციაზე. მაგრამ ეს არაა პრობლემა: 

კვებითი ჯაჭვის სათავეებში ყოფნას თავისი უპირატესობები აქვს - მიკრობები და წურბელები, სფიჩრაითერები და შენობები,  ცხვრები და თხები შენს დამორჩილებაში.

  

***

-საკმარისია, შეეხო საწყის კოდს და რეალობა ლღვება, როგორც ეხლა, – თქვა უფლის ინჟინერმა წვიმის შემხედვარემ. რაღაც სქელი, გუაშივით სველი სიბნელე გადაეკრო ჩემი ხედვის ეკრანს. ბოლო, რაც ვიხილე იყო მამა გიორგის ჰაშიშით დაბინდული მზერა, როცა მან დეტექტივი შეცდომას  მიერ მოწოდებული ვინჩესტერი გადატენა და კარებთან ჩასაფრდა.

სამყაროს შიშინი გაქრა, თითქოს დიომ ტელევიზორი გამორთო.

 

***

(პავლიკ მოროზოვის ბოლო დილა)

პავლიკ მოროზოვი, პლანეტის ყველაზე ახალგაზრდა რევოლუციონერი, შემოდგომის ფოთლების ხალიჩაზე პირაღმა წევს, ხელები თავქვეშ აქვს ამოდებული და ცაში აშვერილ კენწეროებს უყურებს. თანამგზავრები არ სერავენ ცას, Wi-Fi-ს სიგნალები არ ეხებიან მის კანს, არც მეტეორები  ეცემიან მიწაზე, მაგრამ პავლიკა გრძნობს - ხდება რაღაც მნიშვნელოვანი, რაღაც ლამაზი.

წევს პავლიკა და გონია, რომ მიწა ამოტრიალდება და ის შეიძლება ჩავარდეს ცაში.

“თუ ასე მოხდება, ხის კენწეროებს მაინც ჩამოვეკიდები” - იმშვიდებს თავს პავლიკა და წოლას აგრძელებს.

სადღაც შორიდან, ტყეებს და ტყეებს იქიდან დაგუბებული გუგუნი ჟონავს ზამთრის სუფთა, უმანკო ჰაერში, გადაივლის პავლიკას მზერას და ციმბირისკენ მიედინება, რათა იქ გაიყინოს და ჩამოცვივდეს ხმის კრისტალებად. ამბობენ, რომ ციმბირში ყინვა ხმებს კრისტალებად აქცევს, ერთგვარ ბიო-დისკებად, რომლებსაც თუ შეაგროვებთ და ცხელ ღუმელზე გაალღობთ, თქვენ გაიგებთ სადღაც შორს წარმოთქულ, აწ უკვე კრისტალებად გადაქცეულ სიტყვებს.

სიტყვები ინფორმაციაა, ინფორმაცია კი ფული ღირს, განსაკუთრებით ასეთ ქაოტურ დროში. ამ კრისტალების მოპოვებითა და გადაყიდვით არჩენდა პავლიკა თავის ოჯახს. წითელ არმიას ჰაერივით ჭირდებოდა ინფორმაციები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, პავლიკა კი ამ ინფორმაციული კრისტალების უბადლო შემგროვებელი იყო მთელს რეგიონში. ამას გარდა, პავლიკა ცადამყვანების ერთ-ერთი მთავარი დისტრიბუტორი იყო წითელი არმიისთვის. როგორც ცნობილია, ლევ დავიდოვიჩმა სწორედ ცადამყვანების  ხასხასა წითელი ფერის გამო დაარქვა თავის არმიას „წითელი“.

ლევ დავიდოვიჩს ძალიან უყვარს პავლიკა – ეს პატარა ვუნდერკინდი, ოქროსფერი თმებით და ოდნავ ჩაშავებული თვალის უპეებით, რომლებშიც ტაიგის ცისფერი ცასავით სუფთა, მონადირე-მგელანგელოზის თვალები ციმციმებენ. ლევ დავიდოვიჩმა ისიც იცის, რომ ასეთი თვალებით დიდხანს ვერ ცოცხლობენ, მაგრამ დუმს.

-პავლიკ, გესმის ეს ხმა?

- ასეთი რამ არასდროს გამიგია, ლევ დავიდოვიჩ, ეს არც ცხოველების ხმაა, არც დრაკონების, არც იმ ქარხნების, ეკლესიების ნაცვლად რომ აშენებენ... რისი ხმა მოდის ტყეებს იქიდან?

- ეს რევოლუციის ხმაა, პავლიკ, პერმანენტული რევოლუციის, რომელიც რკინის გველებით მოექანება ურალისკენ.

-შამბალის დასანგრევად?

-და თავისუფლების დასაბრუნებლად. 

- რა ლამაზი და რა საშიში ხმაა,- ფიქრობს პავლიკა და ამ გუგუნში ნელ-ნელა  ადამიანების ხმების გარჩევას იწყებს, ისინი სხვადასხვა ენებზე საუბრობენ,  მათი ხმები ერთმანეთშია არეული, ზოგი მათგანი ყვირის, სხვები ტირიან. 

სოფლის თუ ტყის მხრიდან ვიღაც ეძახის პავლიკას.

- პავლიიიიიიკ! პავლიიიიკ! ა პავლიკ!

პავლიკა ყურადღებას არ აქცევს – ის და ლევ დავიდოვიჩი გვერდიგვერდ წვანან სქელ თოვლში და კოსმოსში იყურებიან. ხმის კრისტალებით და კოპლებიანი ცადამყვანებით სავსე ჩანთა იქვე, პავლიკას ოდნავ გამოხეულ ბათინკებთან აგდია.

ლევ დავიდოვიჩს გონია, რომ ცა ადგილია, სადაც წითელი არმია სამყაროს გაფართოებას დაეწევა, პავლიკასთვის კი ცა  გასართობი ეკრანია, ფრაქტალური ემ-ტი-ვი, საუკუნის დასაწყისის ბავშვებისთვის. 

- თუ ჩვენ წავაგებთ...

 - ჩვენ არ წავაგებთ, ლევ დავიდოვიჩ,– აწყვეტინებს პავლიკა და ბავშვური სიყვარულით ეხუტება, როგორც შვილი მამას. ლევ დავიდოვიჩი საკუთარ ლოყაზე  ანგელოზის სუნთქვას გრძნობს. დრო არ იცდის, ლევ დავიდოვიჩი მალე უნდა წავიდეს, მაგრამ ის ყველანაირად ცდილობს გაწელოს ეს დრო, ცოტა მეტი ხანი დარჩეს პავლიკასთან. ასეთი თვალებით დიდხანს ვერ ცოცხლობენ, ფიქრობს ის და აკვირდება, როგორი მელნისფერი ნისლივით ადის ცაში მისი მოსაწევის  ბოლი. 

– პავლიიიკ! ა პავლიკ! – ისმის დედის ხმა სოფლის მხრიდან, თითქოს ჭოტი ყვირის გარინდულ ტყეში.

  

***

ქაოსის მამა-პაპათაგან დატოვებული პალეოლითური ქარხანები ვერ აწარმოებენ მგელ-ანგელოზებს სინათლის ხასიათით, რომელთა საწოლებს ახსოვდათ ანგელოზების სითბო, გაოფლილი ფრთების სუნი, რაღაცით ქათმებისას რო წააგავს და სულში სოფლების სიმშვიდეს გიღვრის... 3-კილოვატიანი ბრძოლის ყიჟინა სტერეო ეფექტით, იარაღის სიმძიმის შეგრძნება გააფთრებულ ხელში.

მათ სახეებს არ ქონდათ კეფა და მიტოვებულ გზაჯვარედინებზე ისინი ყოველთვის ოთხივე მხარეს იხედებოდნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 აგვისტო
27 აგვისტო

ბატონები

საქართველოს მთავარი თავისებურება სწორედ წყალობის კანონების დაფასებაა. ამას ემყარება ჩვენი სტუმართმოყვარეობა, თავდადება, ...
09 სექტემბერი
09 სექტემბერი

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...
21 აგვისტო
21 აგვისტო

წერილები ზღაპრების შესახებ

დღევანდელობაში, როცა განათლების სისტემაც თითქოს სტერილურმა თუ პოლიტკორექტულმა აზროვნებამ მოიცვა და ვკარგავთ კომპლექსური, ...

მეტი

^